ამერიკის სენატის კომიტეტმა რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციის ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად აღიარებს. ამის შესახებ 7 დეკემბერს "ამერიკის ხმის" უკრაინული სამსახური წერს.

ახლა დოკუმენტის სენატში წარდგენა შესაძლებელია, მაგრამ კენჭისყრის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

რეზოლუციის თანაავტორის, სენატორ ჯიმ რიშის პრესცენტრში "ამერიკის ხმას" განუცხადეს, რომ ეს დამოკიდებულია სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერზე, სენატორ ჩაკ შუმერზე.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ სენატი "გმობს რუსეთის ფედერაციას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის ჩადენის გამო" და ასევე მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, ნატოსა და ევროკავშირთან ერთად, მხარი დაუჭირონ უკრაინის მთავრობას "აღკვეთოს რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდის შემდგომი მცდელობები".

პროექტში ასევე ნათქვამია, რომ სენატი მხარს უჭერს ტრიბუნალებს და საერთაშორისო კრიმინალურ გამოძიებას, რათა აგრესიულ ომში, ომის დანაშაულებებზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე და გენოციდზე პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის პოლიტიკურ ლიდერებს და სამხედრო პერსონალს.

მსგავსი სიახლეები