არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინის საბაჟოს მთელი ხელმძღვანელობა გათავისუფლდება
უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის საპარლამენტო ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერი დავით არახამია უკრაინელებს დაჰპირდა, რომ გაზაფხულზე ბევრ თანამდებობის პირს დააპატიმრებენ. ამის შესახებ მან Telegram-ზე 1 თებერვალს დაწერა.
მისივე თქმით, 1 თებერვალს არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. კერძოდ, მან საბაჟოს მთელი ხელმძღვანელობის გადაყენება დააანონსა. ასევე, მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს არაერთ თანამდებობის პირზეა ეჭვები.
არახამიამ ასევე გამოაცხადა რამდენიმე ჩხრეკის შესახებ - ბიზნესმენ იგორ კოლომოისკისთან "უკრნაფტას" საქმეზე, ასევე უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვისა და აკრძალული, პრო-რუსული "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" პარტიის წევრის, ვადიმ სტოლარის სახლში.
ზელენსკის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი წერს, რომ ჩატარდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების მთელი სერია.
"ომის დროს ქვეყანა შეიცვლება. თუ ვინმე არ არის მზად ცვლილებისთვის, მაშინ თავად სახელმწიფო მოვა და დაეხმარება მათ შეცვლაში." - წერს ის.