არჩევნებამდე 6 თვით ადრე მერკელის პარტიის რეიტინგი ეცემა

კვირას, Bild am Sonntage-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევით, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის რეიტინგი 25%-მდე დაეცა. გამოკითხვით მეორე ადგილზე მწვანეები არიან 23%-ით და მერკელის კოალიციურ პარტნიორ სოციალ-დემოკრატებს კი მოსახლეობის 17% უჭერს მხარს. კვლევის ცდომილების ზღვარი 3%-ია. 

“სიტუაცია ძალიან სერიოზულია, კორონას რიცხვები იზრდება და [ქრისტიან-დემოკრატიული] კავშირის რეიტინგი ეცემა,” განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების კანცლერობის შესაძლო კანდიდატმა და ბავარიის პრემიერ-მინისტრმა მარკუს ზოდერმა.

პარასკევის მონაცემებით გერმანიის მოსახლეობის მხოლოდ 10%-მა მიიღო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა, ხოლო 4.5%-მა - ორივე. ამასთანავე, გერმანიის დაავადებების კონტროლის სააგენტომ დღის განმავლობაში 11 176 კორონავირუსის ახალი შემთხვევა დააფიქსირა.

“ცვლილებების განწყობა ქვეყანაში იზრდება,” განაცხადა ზოდერმა. “[ქრისტიან-დემოკრატიულმა] კავშირმა უნდა აჩვენოს, რომ მას ისევ აქვს ძლიერება და იდეები და არ არის გამოფიტული და გაცვეთილი.”

ზოდერი, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ახალი ლიდერის, არმინ ლაშეტის რამდენიმე რეგიონალურ არჩევნებში დამარცხების ფონზე, ცდილობს  კანცლერობის საუკეთესო კანდიდატად პოზიციონირებას 26 სექტემბრის არჩევნებისთვის. 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამორიცხა მეხუთე ვადით კენჭისყრა.

 

წყარო:

usnews.com

მსგავსი სიახლეები