აშშ დანიის და ნიდერლანდების მიერ უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას დაეთანხმა
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაამტკიცა ამერიკული გამანადგურებლების, F-16-ების დანიის და ნიდერლანდების მიერ უკრაინისთვის მას შემდეგ გადაცემა, რაც უკრაინელი მფრინავები გადამზადდებიან.
ამ ინფორმაციას Reuters ანონიმურ ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვაშინგტონმა დანიასა და ნიდერლანდებს ოფიციალური გარანტიები მისცა, რომ აშშ მესამე მხარის ყველა საჭირო მოთხოვნის დამტკიცებას დააჩქარებს F-16-ების უკრაინისთვის გადასაცემად.
დანიამ და ნიდერლანდებმა, რომლებიც გამანადგურებლების კოალიციას ხელმძღვანელობენ, შეერთებულ შტატებს შესაბამისი გარანტიების მისაღებად მოთხოვნა ცოტა ხნის წინ გაუგზავნეს.
Reuters-ს წყარომ განუცხადა, რომ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს წერილები გაუგზავნა, რათა ისინი დაერწმუნებინა, რომ მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა.
"ამ წერილით გამოვხატავ შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას როგორც F-16-ის გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის, ასევე უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე კვალიფიციური ინსტრუქტორების მიერ მომზადების მიმართ," - ნათქვამია ბლინკენის წერილში, რომლის ასლიც გამოცემამ წაიკითხა.
ბლინკენის თქმით, მესამე მხარის მოთხოვნების დამტკიცება უკრაინას საშუალებას მისცემს "სრულიად ისარგებლოს თავისი ახალი შესაძლებლობებით, როგორც კი პილოტების პირველი ნაკადი დაასრულებს წვრთვნებს."