ამერიკამ კვიპროსს იარაღის ემბარგო მოუხსნა
1987 წლის შემდეგ პირველად კვიპროსის რესპუბლიკა ამერიკიდან იარაღის შეზღუდვების გარეშე მიღებას შეძლებს. ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება პარასკევს, 16 სექტემბერს საღამოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა. კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადესმა იარაღის ემბარგოს მოხსნას ისტორიული ეტაპი უწოდა.
"დიდი კმაყოფილებით მივესალმები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას კვიპროსისთვის იარაღის ემბარგოს სრული მოხსნის შესახებ. ეს არის ისტორიული ეტაპი, რომელიც მიუთითებს მზარდ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ორ ქვეყანას შორის, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში", - დაწერა Twitter-ზე ნიკოს ანასტასიადესმა.
ამავდროულად, თურქეთის მიერ ოკუპირებული კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილის ხელმძღვანელობამ რეგიონში ვითარების ესკალაციის საფრთხეზე გააკეთა აქცენტი.
კონტექსტი
შეერთებულმა შტატებმა 1987 წელს იარაღის ემბარგო დაუწესა კვიპროსს, რათა კონფლიქტის მხარეები თავად კვიპროსში, ისევე როგორც მათი გარანტი ქვეყნები საბერძნეთი და თურქეთი, დიპლომატიური გადაწყვეტისკენ წასულიყვნენ.
კუნძული კვიპროსი 1974 წელს ბერძნული პუტჩისა და თურქების შემოჭრის შემდეგ, დაყოფილია ბერძნულ სამხრეთ ნაწილად და ჩრდილოეთ ნაწილად, რომელიც ოკუპირებულია თურქული ძალების მიერ. დაყოფის გამო, საერთაშორისოდ აღიარებული კვიპროსის რესპუბლიკა, რომელიც ევროკავშირს 2004 წელს შეუერთდა, აკონტროლებს კუნძულის მხოლოდ სამხრეთ ნაწილს. "ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას" მხოლოდ თურქეთი აღიარებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კონგრესს განუცხადა, რომ კვიპროსის რესპუბლიკის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს მოხსნის პირობები უკვე შესრულებულია. ვაშინგტონი კვიპროსში არსებული ვითარების ყოველწლიურ შეფასებას ჩაატარებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებით გამოეხმაურა ამერიკის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ამან შეიძლება კვიპროსზე შეიარაღებაში შეჯიბრი გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას მშვიდობასა და სტაბილურობას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.