აშშ-მ ირანისთვის დაწესებული ზოგიერთი სანქცია დროებით შეაჩერა
აშშ-მ ბირთვული პროგრამის განვითარების გამო ირანისთვის დაწესებული სანქციები დროებით შეაჩერა მაშინ, როცა ვენაში ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზას უახლოვდება.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ის სანქციები შეაჩერა, რომლებიც აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა 2018 წელს ირანთან დადებული ბირთვული ხელშეკრულების დატოვების შემდეგ აამოქმედა.
შეზღუდვების მოხსნა უცხოურ კომპანიებს ირანის სამოქალაქო ატომურ ინფრასტრუქტურაში ინვესტირების და მუშაობის საშუალებას მისცემს - ამერიკული კანონმდებლობის დარღვევის გარეშე.
სამოქალაქო ბირთვული სექტორის „ნებადართულ“ პროექტებს შორის დასახელებულია ბუშეჰრის ატომური სადგური, არაქის მძიმე წყლის სადგური და თეირანის კვლევითი რეაქტორი.
ამერიკის გადაწყვეტილებას ბირთვულ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში ირანთან კომპრომისის გამონახვის სურვილით ხსნიან.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, შეზღუდვების შეჩერება ირანისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას არ ნიშნავს, რაც მხოლოდ თეირანის ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში მოხდება.
"აღნიშნული ნაბიჯი მოლაპარაკებებისთვის ხელის შეწყობას და ირანის მიერ შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისთვის ნიადაგის შექმნას ემსახურება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირანმა სანქციების შეჩერება, როგორც კეთილი ნების ჟესტი, მოიწონა, თუმცა „არასაკმარისი“ უწოდა.
თეირანის მთავარ მოთხოვნად ვაშინგტონისგან სამართლებრივი გარანტიების მიღება რჩება, რომ აშშ ხელშეკრულებას ცალმხრივად აღარ დატოვებს.
ცოტა ხნის წინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები „საკმარის“ პროგრესს მიაღწევდა, თეირანი ვაშინგტონთან პირდაპირი დიალოგისთვის იქნებოდა მზად.
აქამდე ირანი ამერიკულ დელეგაციასთან ორმხრივ შეხვედრას არ თანხმდებოდა.
ბირთვული შეთანხმება, რომელიც თეირანის ატომური ამბიციების შეზღუდვას ისახავდა მიზნად, ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ 2015 წელს გაფორმდა აშშ-ს, ირანს, რუსეთს, ჩინეთს, გერმანიასა და საფრანგეთს შორის.
2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელშეკრულება ცალმხრივად დატოვა. ბაიდენის ადმინისტრაცია შეთანხმებაში დაბრუნებას ცდილობს, თუმცა ირანისთვის ბირთვული კონტროლის უფრო მკაცრი მექანიზმების დაწესებას ითხოვს.
ამერიკული დელეგაცია შეხვედრებს არ ესწრება, თუმცა ვენაში აშშ-ს წარმომადგენელი დასავლელ მოკავშირეებთან მჭიდრო კონსულტაციებს გადის.