აშშ-მ კრემლთან დაახლოებულ უკრაინელებს სანქციები დაუწესა

 

21 იანვარს აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა უკრაინის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა „რუსეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ გავლენის ოპერაციებში“ მონაწილეობისთვის.

სანქცირებულ პირებს შორის უკრაინის პარლამენტის ორი წევრი და ორი ყოფილი მაღალჩინოსანია.

მათ აშშ „პოტენციური რუსული ინტერვენციის ფონზე“ უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობაში სდებს ბრალს.

„2020 წელს კრემლმა მასშტაბური საინფორმაციო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი უკრაინის - როგორც სახელმწიფოს - ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა იყო. ოპერაცია მოიცავდა უკრაინაში პრო-რუსული პირების გადაბირებას, რომლებიც პრო-დასავლურად განწყობილ უკრაინელებს გაუწევდნენ წინააღმდეგობას“, - ნათქვამია ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, კრემლი აღნიშნულ პირებს უკრაინაში პრო-რუსული ხელისუფლების დამყარებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად იყენებდა.

 

ვინ არიან სანქცირებული უკრაინელები?

ტარას კოზაკი - უკრაინელი პარლამენტარი, რომელიც რამდენიმე ტელეარხს ფლობს. მას პრეზიდენტ ზელენსკის გარემოცვის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაში სდებენ ბრალს.

ოლეჰ ვოლოშინი - უკრაინელი პარლამენტარი, რომელიც კიევში კრემლის ინტერესებს ლობირებს. მას რუსეთის დაზვერვის აგენტ კონსტანტინ კილიმნიკთან თანამშრომლობაში ედება ბრალი, რომელიც აშშ-ს მიერ ასევე სანქცირებულადაა გამოცხადებული.

ვოლოდიმირ ოლიინიკი - ყოფილი უკრაინელი მაღალჩინოსანი, რომელიც - აშშ-ს ხაზინის თანახმად - „ეფესბეს“ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევების ორგანიზებაში ეხმარებოდა.

ვლადიმირ სივკოვიჩი - უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭოს ყოფილი წევრი. მას ბრალს სდებენ კრემლის სასარგებლოდ გავლენის ოპერაციებში მონაწილეობისთვის, რომლებიც მიზნად უკრაინის მიერ რუსეთისთვის ყირიმის ნახევარკუნძულის „დათმობას“ ისახავდა დონბასის რეგიონიდან რუსული ძალების გაყვანის სანაცვლოდ.

მსგავსი სიახლეები