აშშ-მ პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა
აშშ 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე დიპლომატიურ წარმომადგენლობას არ გაგზავნის. მიზეზი: „ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა.“
თუმცა, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ამერიკელი სპორტსმენები მაინც მიიღებენ.
„ბაიდენის ადმინისტრაცია პეკინის ზამთრის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე ოფიციალურ წარმომადგენლობას არ გაგზავნის ჩინეთის კომპარტიის მიერ სინძიანის პროვინციაში განხორციელებული გენოციდის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, ასევე ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების გამო“, - განაცხადა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯენ პსაკიმ.
„ისედაც არავის ადარდებდა, დაესწრებოდა თუ არა ეს ხალხი [ამერიკელი დიპლომატები] თამაშებს, პეკინის ოლიმპიადას მაინც წარმატებით ჩავატარებთ“, - განაცხადა ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვაშინგტონი „ოლიმპიური სულისკვეთების დარღვევაში“ დაადანაშაულა და აშშ-ს „მკაცრი საპასუხო ზომების“ მიღებით დაემუქრა.
ოლიმპიური თამაშების დიპლომატიურ ბოიკოტს გერმანია და გაერთიანებული სამეფოც განიხილავენ.
პეკინის ზამთრის ოლიმპიადა 2022 წლის 2 თებერვალს გაიხსნება.
ჩინეთმა ოლიმპიურ თამაშებს ბოლოს 2008 წლის ზაფხულში უმასპინძლა. მაშინ პეკინმა გრანდიოზული სპორტული ღონისძიება გლობალური რეპუტაციის ასამაღლებლად გამოიყენა. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრო აშშ-ს პრეზიდენტი ბუში უმცროსიც.
გამოცემა Axios-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ამერიკელების თითქმის ნახევარი ჩინეთში ოლიმპიური თამაშების გამართვას ეწინააღმდეგება.