აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში ჰუსიტების პოზიციები დაბომბეს

შაბათს, ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა, მოკავშირეების მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ დაბომბეს იემენელი ჰუსიტები.

ამის შესახებ Associated Press წერს.

შაბათს შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა ჰუსიტების 36 სამიზნე დაბომბეს იემენზე თავდასხმების მეორე ტალღის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების შემდგომ დასუსტებას.

ჰუსიტების წინააღმდეგ უახლესი დარტყმები პარასკევს, ერაყსა და სირიაზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს მოჰყვა, რომელიც მიზნად ისახავდა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების დასჯას იორდიანაში ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის.

შეერთებულმა შტატებმა აღნიშნა, რომ მისი პასუხი იორდანიაში, Tower 22-ის ბაზაზე ჯარისკაცების დაღუპვაზე, არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ღამით, ერთი სამიზნით ან ერთი ჯგუფით.

მაგრამ ჰუსიტები თითქმის ყოველდღიურად ახორციელებენ სარაკეტო ან დრონების იერიშებს წითელ ზღვაში კომერციულ და სამხედრო გემებზე და მათ ნათლად განაცხადეს, რომ არ აპირებენ თავიანთი კამპანიის შეჩერებას.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ "აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის არმიებმა, ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდების და ახალი ზელანდიის მხარდაჭერით, განახორციელეს დამატებითი დარტყმები იემენელი ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე."

მან თქვა: "ეს დარტყმები გამიზნულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო შეასუსტოს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების უნარი, განახორციელონ დაუფიქრებელი და მადესტაბილირებელი შეტევები ამერიკულ და საერთაშორისო გემებზე, რომლებიც კანონიერად გადაადგილდებიან წითელ ზღვაში."

კონტექსტი

ჰამასის წინააღმდეგ ომის ფონზე, ჰუსიტებმა კომერციულ გემებზე თავდასხმა დაიწყეს, რომლებიც წითელი ზღვის გავლით გადაადგილდებიან.

ამის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა გემების დაცვის მისია წამოიწყო თავის მოკავშირეებთან ერთად და რამდენიმე დარტყმა მიაყენა იემენში ჰუსიტების ბაზებს.

შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა 23 იანვარს დამატებითი დარტყმები განახორციელეს იემენელი ჰუსიტების სამიზნეებზე.

მსგავსი სიახლეები