აშშ-მა ისრაელს 2000-ზე მეტი ბომბი და 25 F-35 გადასცა - Washington Post
ბოლო დღეებში შეერთებულმა შტატებმა ისრაელისთვის მილიარდობით დოლარის ღირებულების ბომბისა და გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემა დაუშვა. გადაწყვეტილება ამერიკის ხელისუფლებამ იმ ფონზე მიიღო, როდესაც ის საჯაროდ გამოხატავს შეშფოთებას რაფაზე ისრაელის მოსალოდნელი შეტევის და ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ.
ამ ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.
პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკებზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ შეიარაღების ახალი პაკეტი მოიცავს 1800 900 კგ-იან ბომბ MK-84-ს და 500 226 კგ-იან ბომბ MK-82-ს, 25 მეხუთე თაობის გამანადგურებელ F-35-თან ერთად, რომლებიც თავდაპირველად უფრო დიდი პაკეტის ფარგლებში იყო დამტკიცებული 2008 წელს. ისრაელმა 25 F-35-ისგან შემდგარი მესამე ესკადრონი გასული წლის ივლისში მოითხოვა და მიწოდების შემდეგ ამ ტიპის თვითმფრინავების საერთო რაოდენობა 75-ს მიაღწევს.
ვაშინგტონი ისრაელს ყოველწლიურად 3.8 მილიარდი აშშ დოლარს სამხედრო დახმარებას გადასცემს.
"ჩვენ ვაგრძელებთ ისრაელის მხარდაჭერას, რათა მან დაიცვას საკუთარი თავი," - უთხრა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა The Washington Post-ს. "კონკრეტული პირობებით დახმარების მიწოდება არ არის ჩვენი პოლიტიკა."
შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ მიიჩნია, რომ ისრაელი ასრულებს ეროვნული უსაფრთხოების ახალ მემორანდუმს, მას შემდეგ რაც იერუსალიმიდან წერილობითი გარანტია მიიღო, რომ ის ამერიკულ იარაღს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად იყენებს და არ ბლოკავს ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებას.
ეს ინფორმაცია იმ დღეს გავრცელბდა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავა გაეროს უშიშროების საბჭოზე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციის კენჭისყრაზე, რომელსაც მხარი დაუჭირეს რუსეთმა და ჩინეთმა და 14 ხმით მიიღეს.
რეზოლუციის მიღებამ ისრაელისა და აშშ-ის ურთიერთობა დაძაბა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააუქმა ვაშინგტონში მისი თანაშემწეების ვიზიტი, რომლებსაც ღაზას სექტორის ქალაქ რაფაში შეტევის გეგმები უნდა განეხილათ. მოგვიანებით, იერუსალიმი დათანხმდა ამ შეხვედრის ხელახლა დაგეგმვას.