აშშ-ს სურს უკრაინას $1 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივები გადასცეს - CBS
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სანქცირებული რუსული აქტივების უკრაინისთვის გაგზავნას ცდილობს. ამ ინფორმაციას 3 სექტემბერს CBS ავრცელებს.
2022 წლის თებერვლის ბოლოდან, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, აშშ-ის ხელისუფლებამ მთელ მსოფლიოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების რუსული აქტივების კონფისკაცია მოახდინა.
"ჩვენ ვითხოვთ კონგრესის ნებართვას, რომ მიღებული აქტივები უკრაინელი ხალხის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ." - განუცხადა CBS-ს ამერიკის გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ლიზა მონაკომ.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა უკრაინისთვის რუსი ოლიგარქის აქტივების გადაცემის ნებართვა პირველად მაისში გასცა, რომელიც მას სანქციების დარღვევისთვის ჩამოერთვა.
საუბარია კონსტანტინ მალოფეევის აქტივებზე.
2022 წლის აპრილში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში დაადანაშაულა. ამერიკის ხელისუფლების განცხადებით, მალოფეევი ფინანსურად უჭერდა მხარს რუსებს და ყირიმში სეპარატისტულ განწყობებს აღვივებდა.