აშშ უკრაინის დასახმარებლად HIMARS-ის და მისი რაკეტების წარმოებას გაზრდის - პენტაგონი

ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს გაზარდოს HIMARS ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების და მათთვის ზუსტი მართვადი რაკეტების წარმოება.

ამის შესახებ 26 აგვისტოს არკანზასის შტატში ამერიკული სარაკეტო სისტემის მწარმოებელ საწარმოში ვიზიტისას აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ შესყიდვებისა და მიწოდების საკითხებში უილიამ ლაპლანტმა განაცხადა.

"ჩვენ თითქმის 400 მილიონი აშშ დოლარი მივიღეთ HIMARS-ისა და GMLRS-ის ამერიკული მარაგების შესავსებად. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი გამოვყოთ წარმოების გაფართოებისა და დასაჩქარებლად. ველით, რომ ამ შემოდგომაზე და მომავალი წლის დასაწყისში კონტრაქტები დაიდება", - თქვა ლაპლანტმა. 

მან აღნიშნა, რომ აშშ უკრაინასთან მის საჭიროებებზე მჭიდრო კონსულტაციებს გააგრძელებს. შეერთებულ შტატებს, როგორც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, სურს ნახოს "დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული უკრაინა, რომელსაც შემდგომი აგრესიისგან შეკავებისა და დაცვის საშუალებები აქვს", დასძინა ლაპლანტმა.

"რადგან ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დახმარებას უსაფრთხოების მიმართულებით, ვმუშაობთ ინდუსტრიასთან, რათა დავაჩქაროთ კრიტიკული იარაღისა და სისტემების წარმოება", - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები