ავსტრალია უკრაინას 49 ტანკ Abrams-ს გადასცემს
ავსტრალია უკრაინას გადასცემს Abrams M1A1-ის ტიპის 49 ტანკს. ამის შესახებ ავსტრალიის მედია იტყობინება ქვეყნის თავდაცვითი მრეწველობის მინისტრზე, პეტ კონროიზე დაყრდნობით.
როგორც ავსტრალიის რადიომაუწყებლობის კორპორაცია იტყობინება, რამდენიმე კვირის წინ ავსტრალიამ მიიღო ამ ტანკების ახალი, M1A2 მოდელის პირველი პარტია.
უკრაინისთვის მისაწოდებელი ტანკების საერთო ღირებულება 245 მლნ ავსტრალიური დოლარია (163,5 მლნ აშშ დოლარი).
ავსტრალიამ 120 ტანკი Abrams M1A2-ის შეკვეთა გააფორმა, წერს The Age. ძველი ტანკის გარკვეულ რაოდენობას ავსტრალია ჯერჯერობით თავისთვის დაიტოვებს ახალი მანქანების მიღებამდე.
უკრაინის ხელმძღვანელობა დაჟინებით ითხოვდა დასავლური წარმოების ტანკებს 2022-2023 წლების ზამთარში, როცა ისინი შეუცვლელი ჩანდა მოახლოებული კონტრიერიშისთვის. მაგრამ 2023 წლის ზაფხულში ძვირადღირებული ტანკები მოიერიშე დრონების შეტევებისგან დაუცველი აღმოჩნდა. როგორც BBC შენიშნავს, რუსეთიც და უკრაინაც განაგრძობენ ჯავშანტექნიკის გამოყენებას, მაგრამ ის უკვე აღარ ითვლება პანაცეად.