ავსტრალია უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით ქვანახშირს აწვდის

უკრაინაში ქვანახშირის პირველი 39 ვაგონი ჩავიდა, რომელსაც ავსტრალიის მთავრობა ჰუმანიტარული დახმარების სახით უზრუნველყოფს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ 9 აგვისტოს განაცხადა.

"დღეს G კლასის ავსტრალიური ქვანახშირით პირველი 39 ვაგონი გადმოიტვირთება. სულ უკრაინას 79000 ტონა ქვანახშირი უნდა მიეწოდოს, რომელიც ავსტრალიის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია", - ნათქვამია განცხადებაში.

ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ნახშირის პირველი პარტია "Центрэнерго"-ს ერთ-ერთ საწარმოს გადაეცა.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ, რომელმაც ეს საწარმო მოინახულა, მადლობა გადაუხადა ავსტრალიას მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მომავალი გათბობის სეზონი "ყველაზე რთული იქნება ბოლო ათწლეულების განმავლობაში".

სამინისტროში განმარტეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკირების გამო, ავსტრალიური ნახშირი პოლონეთიდან პარტნიორებმა შეიტანეს.

"გალუშჩენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ქვანახშირის მარაგების შექმნა დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს", - აღნიშნეს ენერგეტიკის სამინისტროში.

გათბობის სეზონის დასაწყისისთვის უკრაინის ხელისუფლება თბოელექტროსადგურებისთვის საწყობებში 2.5 მილიონი ტონა ნახშირის შეგროვებას გეგმავს, 4 აგვისტოს მდგომარეობით მარაგებში 1.8 მლნ ტონა ქვანახშირია. 

მსგავსი სიახლეები