Axios: ტრამპის გუნდი უკრაინის დახმარების შეჩერებას განიხილავს

3 მარტს დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის საგანგებო სხდომას გამართავს, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯების განსაზღვარს დაეთმობა, განსახილველ ნაბიჯებს შორის იქნება უკრაინისთვის დახმარების შეჩერებაც.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს.
საგანგებო სხდომის შესახებ ცნობების გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ომის დასასრული კვლავ ძალიან შორეულია.
"ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება რაც შეიძლებოდა ზელენსკის გაევრცელებინა და ამერიკა ამის მოთმენას აღარ აპირებს. როგორც ვამბობდი სანამ მას აქვს ევროპისა და აშშ-ს მხარდაჭერა ამ ბიჭს (რედ. ზელენსკი) არ სურს მშვიდობა. ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე კი ევროპელებმა განაცხადეს, რომ მათი ძალისხმევა არ იქნება საკმარისი აშშ-ს გარეშე. ალბათ არ არის საუკეთესო განცხადება რუსეთისთვის ძალის საჩვენებლად. ნეტავ რას ფიქრობდნენ?"- წერს ტრამპი.
მოსალოდნელია, რომ განცხადება სწორედ დღევანდელი საგანგებო სხდომის გამოხმაურებაა.
წყაროების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი, თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი.
ცოტა ხნით ადრე Fox News-სთან საუბარში მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ დრო არ არის უკრაინის მხარეს - "ამერიკელი ხალხის მოთმინება არ არის შეუზღუდავი, ისევე როგორც მათი საფულეები და ჩვენი ამუნიციისა და ჭურვების არსენალები."
უკრაინასთან ურთიერთობების აღსადგენად უოლცის თქმით, საჭიროა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოხატოს სინანული თეთრ სახლში მომხდარ სკანდალურ შეხვედრასთან დაკავშირებით, ასევე ხელი მოაწეროს მწირმიწების შეთანხმებას და გამოხატოს მზაობა რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
კონტექსტი
თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ, ვენსთან დაწყებული კამათის შემდეგ ხმამაღალ, დაძაბულ საუბარში გადაიზარდა და საბოლოოდ სკანდალურად ჩაიშალა.
მიზეზი ვიცე-პრეზიდენტ, ჯეიმს დევიდ ვენსის კომენტარი გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრა და გაანადგურა ქვეყნის დიდი ნაწილი, და დღეს ცხადია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ადმინისტრაციის მიდგომა არასწორი იყო და დიპლომატიის დრო მოვიდა.