აზერბაიჯანი: ნენსი პელოსის განცხადებები მიუღებელია

აზერბაიჯანმა ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის სიტყვები გააკრიტიკა, რომ ბაქომ სომხეთთან სასაზღვრო კონფლიქტი დაიწყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც კვირას, 18 სექტემბერს გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ "მიუღებელია პელოსის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ წამოყენებული უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები".

"ზოგადად, პელოსი ცნობილია როგორც პროსომეხი პოლიტიკოსი და მის დელეგაციაში კონგრესის პროსომეხი წევრების ყოფნა ამის დასტურია", - აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ პელოსი სომხეთში ვიზიტს იყენებს "თავისი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის, რათა ამერიკაში სომხური ლობისტური წრეების მხარდაჭერა მოიპოვოს კონგრესის შუალედური არჩევნების წინ."

"პელოსის განცხადება არის სერიოზული დარტყმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებზე", - განაცხადა ბაქომ. "ასეთი ცალმხრივი ნაბიჯები და უსაფუძვლო განცხადებები ემსახურება არა რეგიონში მყიფე მშვიდობის განმტკიცებას, არამედ, პირიქით, დაძაბულობის ესკალაციას".

ბაქომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ საომარი მოქმედებები სომხეთის "მასშტაბური სამხედრო პროვოკაციის" შედეგი იყო. ერევანი ამ ვერსიას უარყოფს.

პელოსი გმობს სომხეთზე აზერბაიჯანის "უკანონო თავდასხმებს"

პელოსიმ, რომელიც სომხეთში 17 სექტემბერს სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა, მკაცრად დაგმო "აზერბაიჯანის უკანონო და სასიკვდილო თავდასხმები" სომხეთის სასაზღვრო ტერიტორიაზე, იტყობინება Reuters.

"კონგრესის სახელით, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელების პერსპექტივებს," - ხაზგასმით აღნიშნა მან ერევანში, სომხეთის ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელთან, ალენ სიმონიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე და თავდასხმას "სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფა" უწოდა.

პელოსის თქმით, "შეტაკებები აზერბაიჯანმა დაიწყო და ეს უნდა იყოს აღიარებული".

როგორც Reuters-მა აღნიშნა, კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის მიმართ ბრალეულობის დაკისრება სცილდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო პოზიციას, რომელიც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, მაგრამ არ ასახელებდა ვინ არის ესკალაციაზე პასუხისმგებელი.

სიმონიანმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობისთვის.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაცია 13 სექტემბრის ღამეს დაიწყო. ბრძოლების შედეგად 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 15 სექტემბრის ღამეს მხარეები ზავზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები