აზერბაიჯანი: ყარაბაღის ძალებმა თბილისი-ბაქოს რეისზე ჩამხშობი სისტემა გამოიყენეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ თბილისი-ბაქოს სამგზავრო თვითმფრინავის სატელიტური სანავიგაციო სისტემის წინააღმდეგ, ყარაბაღის ძალების მიერ რადიოსიხშირული ჩარევის შესახებ განაცხადა. აზერბაიჯაული მხარის თქმით, ინციდენტი 18 სექტემბერს, საღამოს მოხდა.

"არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით არის განლაგებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტი, კიდევ ერთხელ გამოიყენეს ჩამხშრობი სისტემა სამგზავრო თვითმფრინავის GPS სატელიტური სანავიგაციო სისტემის მიმართ.

18 სექტემბერს, 20:28-დან 20:34 საათამდე, რადიოსისტემების გამოყენების შედეგად,  აზერბაიჯანის ავიახაზების E-190 სამგზავრო თვითმფრინავის GPS ნავიგაციის სისტემაში გაუმართავობა დაფიქსირდა, რომელიც თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მიფრინავდა." - ნათქვამია განცხადებაში.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაცია "სრულიად მცდარია," რადგან თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მფრინავი თვითმფრინავი არც კი უახლოვდება ყარაბაღის ტერიტორიას.

"მსგავსი ცრუ განცხადებების სისტემატური გავრცელებით აზერბაიჯანი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფიდან გადაიტანოს და მორიგი პროვოკაციისთვის საინფორმაციო ბაზა მოამზადოს," - აცხადებენ ყარაბაღის ხელისუფლებაში.

მსგავსი სიახლეები