აზერბაიჯანმა უკრაინას 45 ტრანსფორმატორი და 50 გენერატორი გადასცა
აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, მათ შორის 45 ელექტროტრანსფორმატორი და 50 გენერატორი. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 დეკემბერს განაცხადა.
ტვირთი ოთხი სატვირთო მანქანით გაიგზავნა. დახმარების ჯამური წონა 52.2 ტონაა, ღირებულება კი 800 000 დოლარზე მეტია, ენერგეტიკული ტექნიკა Azerenergy-მ უზრუნველყო.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინისთვის გადაცემული ჰუმანიტარული დახმარების ჯამური მოცულობა დაახლოებით 17.5 მილიონი დოლარია.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, უკრაინის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება რამდენიმე აზერბაიჯანულმა ორგანიზაციამაც გაუწია.
"აზერბაიჯანში სამედიცინო და სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის ჩავიყვანეთ 90 უკრაინელი ბავშვი, რომლებიც ომში დაზარალდნენ და ახლობლები დაკარგეს. ასევე სრულად აღდგა საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული ირპენის ზარიფა ალიევას სახელობის მე-12 სკოლა და უკრაინას გადაეცა სხვადასხვა ტიპის ჰუმანიტარული დახმარება", - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანში უკრაინის ელჩმა ვლადისლავ კანევსკიმ Facebook-ზე აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში ორ ეტაპად იგზავნება.
"მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყოველი დარტყმის შემდეგ იზრდება უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა. ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფო ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანია", - წერს ელჩი.