აზერბაიჯანში დააკავეს ყოფილი დიპლომატი, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებდა
22 ივლისს საღამოს, აზერბაიჯანში ყოფილი დიპლომატი ემინ იბრაგიმოვი დააკავეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური იუწყება.
იბრაგიმოვმა ადვოკატ აგილ ლაიჯის უთხრა, რომ საღამოს, მეტროსადგურთან მას უცნობი პირი დაესხა თავს, რის შემდეგაც მაშინვე გამოჩნდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები და დააკავეს. ყოფილი დიპლომატი ეჭვმიტანილია სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაში.
"მან თქვა, რომ ვიღაცის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. ემინმა თქვა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება," - აცხადებენ დაკავებულის ახლობლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააგენტო Turan-ს განუცხადა, რომ იბრაგიმოვი, სავარაუდოდ, 37 წლის მამაკაცთან კონფლიქტში იყო ჩართული.
"შედეგად, ემინ იბრაგიმოვმა მოქალაქეს სხეულის დაზიანება დანით მიაყენა. იბრაგიმოვი დააკავეს, დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს," - აცხადებენ განყოფილებაში.
იბრაგიმოვი მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, შემდეგ დიპლომატიური სამსახური დატოვა. ბოლო წლებში ის ხელისუფლებას აკრიტიკებდა.
ივნისში, აზერბაიჯანში, ეკონომისტი ფარიდ მეჰრალიზადე დააკავეს დამოუკიდებელი გამოცემა Abzas Media-ის საქმესთან დაკავშირებით, რომლის თანამშრომლებსაც ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში ვალუტის კონტრაბანდაში ედებათ ბრალი. სასამართლოში მან უარყო მის მიმართ წაყენებული ბრალდება და აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა გამოცემა Abzas Media-თან.