ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრა გადაწყვეტილი აქვს
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამის შესახებ ბაიდენმა ამერიკელების მიმართ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკული დაზვერვის ხელთ არსებული ინფორმაციით რუსეთი შესაძლოა დიდი მასშტაბის თავდასხმის გეგმავდეს, რომლის მიზანი ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში შეჭრა იქნება.
მათ შორის ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამიზნე მომდევნო კვირაში შესაძლოა ქვეყნის დედაქალაქი კიევი გახდეს.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით პუტინს არ ჰქონდა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე თუ რა შეიცვალა წინა დღეებთან შედარებით, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამის საფუძველს მას აშშ-ის ხელთ არსებული "შთამბეჭდავი სადაზვერვო ინფორმაცია და შესაძლებლობები აძლევს."