ბაიდენი პრიგოჟინის აჯანყებაზე: პუტინი მომხდარით აბსოლუტურად დასუსტებულია
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ ვაგნერის აჯანყების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავს "დასუსტებულად" გრძნობს. ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებს 28 ივნისს განუცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა პუტინი "აბსოლუტურად დასუსტებული იმით, რაც რუსეთში მოხდა," ბაიდენმა უპასუხა: "აბსოლუტურად."
კითხვაზე, თუ რამდენად დასუსტდა პუტინი, ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა: "ძნელი სათქმელია, მაგრამ ის აშკარად აგებს ომს. ის ომს აგებს სახლში. და ის გარიყულია მთელი მსოფლიოსგან. და ეს არ არის მხოლოდ ნატო, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირი, არის იაპონიაც." - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენს ასევე ჰკითხეს, არის თუ არა პუტინი დღეს უფრო სუსტი, ვიდრე გასულ კვირას. მან უპასუხა: "მე ვიცი, რომ ასეა."