ბაიდენი რუსეთის ეკონომიკაზე: პუტინს ვერც კი წარმოუდგენია, რა მოელის

 

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიურ მიმართვაში რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომზე ისაუბრა და ვლადიმირ პუტინი „თავისუფალ სამყაროზე“ იერიშის მიტანაში დაადანაშაულა.

„პუტინმა ბრძოლის ველზე უპირატესობის მოპოვება შეიძლება მოახერხოს, მაგრამ მას ამისთვის ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევს“, - განაცხადა ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთის ეკონომიკაზე დარტყმის მისაყენებლად სანქციების „ძლიერ“ პაკეტზე ისაუბრა.

დასავლელი პარტნიორების მსგავსად, ბაიდენმა რუსული ავიაკომპანიებისთვის აშშ-ს საჰაერო სივრცის დაკეტვა გამოაცხადა.

ამასთან, აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო ევროპელ კოლეგებთან ერთად სპეციალურ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომლის მიზანი დასავლეთში რუსი ოლიგარქების უკანონო გზით მოპოვებული ქონების გამოვლენა და კონფისკაცია იქნება.

აშშ უკვე შეუერთდა რუსეთზე დაწესებულ მასშტაბურ საბანკო და საფინანსო სანქციებს. ამერიკაში გაყინულია რუსეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები.

ბაიდენი ასევე შეეხო სანქციების პოტენციურად უარყოფით ეკონომიკურ ეფექტს და ამერიკელ მომხმარებლებს და ბიზნესებს „ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის“ გამოყენებას დაპირდა.

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, ფასების მკვეთრი ზრდის შესაჩერებლად ამერიკა, ოცდაათ სხვა ქვეყანასთან ერთად, სტრატეგიული რეზერვებიდან 60 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს გაყიდის.

1 მარტს ბარელი ნავთობის ფასმა 107 დოლარს გადააჭარბა.

 


საერთაშორისო სანქციების ფონზე რუსეთის ეკონომიკას მძიმე კრიზისი ელის. რუსული რუბლი მესამედით გაუფასურდა, ხოლო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9,5-დან 20 პროცენტამდეა გაზრდილი.

დაკეტილი რჩება მოსკოვის სააქციო ბირჟა.

რუსეთის მოქალაქეებისთვის უცხოეთში კაპიტალის გატანაზე მძიმე შეზღუდვები დაწესდა.

მსგავსი სიახლეები