ბაიდენი: უკრაინა HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს მიიღებს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1 ივნისს ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტს მიიღევს. მისი განცხადება თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
"დღეს ვაცხადებ უსაფრთხოების მნიშვნელოვან ახალ პაკეტს უკრაინელი სამხედროებისთვის დროული და კრიტიკული დახმარების უზრუნველსაყოფად. უკრაინის დამატებითი დაფინანსებით, რომელიც მიღებულია აშშ-ს კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით, შეერთებულ შტატებს შეეძლება გააგრძელოს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებს რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად. ეს ახალი პაკეტი მათ მისცემს ახალ შესაძლებლობებსა და თანამედროვე იარაღს, მათ შორის HIMARS-ს [ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები], რათა დაიცვან თავიანთი ტერიტორია რუსეთის წინსვლისგან", - თქვა ბაიდენმა.
მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
"უკრაინელი ხალხი აგრძელებს მსოფლიოს შთაგონებას თავისი გამბედაობითა და მონდომებით, რადგან ისინი მამაცურად იბრძვიან საკუთარი ქვეყნის და დემოკრატიის რუსული აგრესიისგან დასაცავად", - დასძინა ბაიდენმა.
თეთრ სახლს არ უთქვამს დეტალები ამ სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ, მედია წერს, რომ მისი ჯამური ღირებულება 700 მილიონი დოლარია, ეს არის ამერიკული თავდაცვითი დახმარების მე-11 პაკეტი უკრაინისთვის და პირველი, რომელმაც გამოიყენა თანხები კონგრესის მიერ ახლახან დამტკიცებული 40 მილიარდი დოლარიდან.
CNN-ის ცნობით, HIMARS აღჭურვილი იქნება 80 კმ-მდე დისტანციაზე მოქმედი რაკეტებით. ტელეარხმა აღნიშნა, რომ ეს ამ სისტემების საბრძოლო მასალის მაქსიმალურ დიაპაზონზე (დაახლოებით 300 კმ) ბევრად ნაკლებია, მაგრამ გაცილებით მეტია ვიდრე უკრაინის შეიარაღებაში ახლა არსებულ სისტემებს აქვთ.