ბაიდენი: ყველაზე მნიშვნელოვანი ტრამპის დამარცხებაა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ტრამპის დამარცხება.
ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბაიდენმა ისაუბრა ტრამპზე, როდესაც კომენტარს აკეთებდა მის გადაწყვეტილებაზე საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლის შესახებ.
"ვერც კი გეტყვით, რამდენი წლის ვარ, მიჭირს იმის თქმა, მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს პატივი, რომ ვიყო პრეზიდენტი, მე მჯერა, რომ მაქვს ვალდებულება ქვეყნის წინაშე გავაკეთო ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ: ეს არის ტრამპის დამარცხება," - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა პრეზიდენტობისთვის ბრძოლა გასული თვის ბოლოს მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მისი პარტიის წევრებმა მასზე ზეწოლა დაიწყეს, რომ კანდიდატურა მოეხსნა. ამის მიზეზი ივნისის ბოლოს ტრამპის წინააღმდეგ მისი წარუმატებელი დებატებია, რამაც მზარდი შეშფოთება გამოიწვია პრეზიდენტის ასაკისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.
ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა და სწრაფად დაუჭირა მხარი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც ახლა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატია.
სამშაბათს, ჰარისმა მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი დაასახელა თავის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად.
კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს სამ საკვანძო შტატში ამარცხებს, რომელთა მოგებაც არჩევნების ბედს გადაწყვეტს.
The New York Times-ისა და Siena College-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მიჩიგანში, პენსილვანიასა და ვისკონსინში სავარაუდო ამომრჩეველთა 50% მხარს ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს უჭერს, 46% - ტრამპს.
ახალი კვლევები მკაფიოდ აჩვენებს ცოტა ხნის წინ არსებული ტრენდის ცვლილებას. აშშ-ის მოქმედის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თითქმის ერთი წლის განმავლობაში ყველა კვლევით მარცხდებოდა დონალდ ტრამპთან აღნიშნულ შტატებში, თუმცა კანდიდატის შეცვლამ დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველში მოტივაცია და ენთუზიაზმი გაზარდა.