ბაიდენმა სახელმწიფო ვალის ლიმიტზე კანონს ხელი მოაწერა, აშშ-მა დეფოლტი თავიდან აიცილა
3 ივნისს ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 2023 წლის ფისკალური პასუხისმგებლობის აქტს აშშ-ის მთავრობის ვალის ლიმიტზე. ამ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.
კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის 31.4 ტრილიონი დოლარის ლიმიტის შეჩერებას და მის 2025 წლის 2 იანვრიდან გაზრდას.
Reuters-ის ცნობით, ამერიკამ თავიდან აიცილა პირველი დეფოლტი.
თეთრმა სახლმა, კანონის ხელმოწერის შესახებ განცხადებაში, პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერებს წარმომადგენელთა პალატასა და სენატში.
ბაიდენმა კანონპროექტს ხელი კონგრესის მიერ მხარდაჭერიდან მეორე დღეს მოაწერა.
პრეზიდენტმა კანონის მიღებას ორპარტიული ტრიუმფი უწოდა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს არის "ძალიან კარგი ამბავი ამერიკელი ხალხისთვის".
"ვერავინ მიიღო ყველაფერი, რაც სურდა, მაგრამ ამერიკელმა ხალხმა მიიღო ის, რაც სჭირდებოდა. ჩვენ ავიცილეთ ეკონომიკური კრიზისი, ეკონომიკური კოლაფსი", - თქვა ბაიდენმა 2 ივნისის მიმართვაში.
კონტექსტი
როდესაც შეერთებულმა შტატებმა იანვარში 31.4 ტრილიონი დოლარის ვალის ზღვარს მიაღწია, ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა თქვა, რომ აშშ-მა შეიძლება დეფოლტი 1 ივნისამდე გამოაცხადოს, თუ კონგრესი არ გაზრდის ან არ შეაჩერებს ვალის ზღვარის მოქმედებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 მაისს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს "არასოდეს გამოუცხადებია დეფოლტი და არც გამოაცხადებს."
27 მაისს იელენმა ეროვნული ვალის ლიმიტის გაზრდისთვის დააწესა ბოლო ვადა, 5 ივნისი და თქვა, რომ მთავრობა დეფოლტს გამოაცხადებდა, თუ კონგრესი არ მოხსნიდა 31.4 ტრილიონი დოლარის ვალის ზღვარს.
28 მაისს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ მიღწეულია წინასწარი შეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და კონგრესს შორის სახელმწიფო ვალის ჭერის გაზრდაზე.