ბაიდენმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, $500 მილიონიანი პაკეტი გამოაცხადა
უკრაინა აშშ-სგან 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 20 თებერვალს, კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ეს არის ყველაზე დიდი სახმელეთო ომი ევროპაში სამი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში. და თქვენ მასში წარმატებას მიაღწიეთ, ყველა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, გარდა თქვენი მოლოდინის. და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გაიმარჯვებთ", - თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კოალიციის შექმნა ამერიკის ადმინისტრაციისთვის დიდ გამოწვევად იქცა.
"ჩვენ შევქმენით ქვეყნების კოალიცია ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე, მთელ მსოფლიოში, რომელიც მოიცავს 50-ზე მეტ ქვეყანას", - აღნიშნა მან.
CNN წერს, რომ ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტში შედის მეტი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალა, მეტი ჯაველინი და ჰაუბიცები.
ზელენსკის თქმით, მან და ბაიდენმა ისაუბრეს "შორი დისტანციის შეიარაღებაზე და ისეთ იარაღზე, რომლის უკრაინაში გაგზავნაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაშინაც კი, თუ ისინი აქამდე არ იყო გაგზავნილი."