ბაიდენმა უკრაინისთვის ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის ლენდ-ლიზისა და უკრაინაში დემოკრატიის დაცვის კანონპროექტი 28 აპრილს დაამტკიცა.
პროგრამა თეთრ სახლს საშუალებას მისცემს უფრო მარტივად გააფორმოს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის და გვერდი აუაროს ბიუროკრატიულ სირთულეებს.
9 მაისის რუსეთის მთავარი სამოქალაქო ზეიმია, რომელზეც ყოველწლიურად წითელ მოედანზე მასშტაბური სამხედრო აღლუმები იმართება. ამ დღეს რუსეთში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.
9 მაისს უკრაინის ლენდ-ლიზისთვის კანონპროექტის ხელმოწერა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სიმბოლური აქტია.
დოკუმენტი სახელწოდებით კანონი ლენდ-ლიზის შესახებ უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად აფართოებს თეთრი სახლის უფლებამოსილებას უკრაინისთვის სხვადასხვა ტიპის შეიარაღების მიწოდების კუთხით.
ხაზგასასმელია, რომ უკრაინისთვის სამხედრო ლენდ-ლიზის კანონპროექტი ორპარტიულ ინიციატივას წარმოადგენს ის ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, იანვარში, რუსეთის მზარდი საფრთხის ფონზე დაარეგისტრირეს.
ლენდ-ლიზის პროგრამა აშშ-მ პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს აამოქმედა, სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ანტი-ჰიტლერული კოალიციის მონაწილეებს არენდით ან გრძელვადიანი კრედიტის სახით მიეწოდებოდათ სხვადასხვა ტიპის შეიარაღება. ეს კანონი 1945 წლამდე მოქმედებდა.