აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის საზღვარზე საგუშაგო შექმნა

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის საზღვარზე საგუშაგოს შექმნის შესახებ განაცხადა.

23 აპრილს, ბაქომ ერევანი სომხეთიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამხედროების, საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის შეყვანაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ "2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების საწინააღმდეგოდ", საკონტროლო პუნქტი შეექმნათ.

სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საგუშაგო ლაჩინი-ხანკენდის გზის შესასვლელთან, სომხეთის მიერ წინა დღით მსგავსი სასაზღვრო გამშვები პუნქტის ცალმხრივად აშენების შემდეგ შეიქმნა. საგუშაგოს დამონტაჟების შესახებ ინფორმირებული იყო რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა და რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრი.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის ლაჩინი-ხანკენდის გზას უკანონოდ ორწელიწადნახევრის განმავლობაში იყენებს, რაც 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დარღვევაა.

"ასეთი უკანონო ქმედებების მაგალითებია სომხეთის შეიარაღებული ძალების პერსონალის როტაცია, რომელიც კვლავ რჩება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანსპორტირება, ტერორისტების გავლა, ასევე ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპორტი," - აცხადებს აზერბაიჯანი.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ 22 აპრილს სომხურ ნაღმზე აფეთქდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების სატვირთო მანქანა, რის შედეგადაც სამი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა.

თავის მხრივ, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ხელისუფლება პროვოკაციებში დაადანაშაულეს. სეპარატისტული მთავრობის განცხადებით, ცნობები რუსი სამშვიდობოების თანხლებით საბრძოლო მასალის ტრანსპორტირების შესახებ დეზინფორმაციაა. გარდა ამისა, მთიან ყარაბაღში უარყვეს განცხადება სომხეთის მიერ დატოვებულ ნაღმზე აზერბაიჯანული სამხედრო სატვირთოს აფეთქების შესახებ. სეპარატისტების თქმით, აზერბაიჯანის საინფორმაციო კამპანიის მიზანი შემდგომი პროვოკაციებისთვის გზის გახსნაა.

აზერბაიჯანის ქმედებებთან დაკავშირებით მთიან ყარაბაღში ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდა.

მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 22 აპრილს სომხეთის ხელისუფლებამ "აზერბაიჯანის საზღვარზე ლაჩინ-ხანკენდის გზის შესასვლელთან, წინასწარი თანხმობის გარეშე, საგუშაგო დაამონტაჟა, რაც ცალმხრივად არღვევს 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივ დეკლარაციას."

მსგავსი სიახლეები