ბაქოს სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს, ალი ქარიმლის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა
1 დეკემბერს ბაქოს სასამართლომ, ოპოზიციის ლიდერს, ალი ქარიმლის 2 თვითა და 15 დღით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
ქარიმლის ძალადობრივ გადატრიალებაში ედება ბრალი, მას 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ვითარების არსი: 29 ნოემბერს ბაქოში, ოპოზიციური პარტიის, "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის" ლიდერი ალი ქარიმლი დააკავეს.
- ქარიმლის თანაპარტიელების თქმით, დაკავებამდე მის სახლში უშიშროების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა.
- გამოძიების მტკიცებით, ოპოზიციონერის სახლში რამიზ მეხტიევის წერილები იპოვეს.
- მეხტიევი პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელია, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალებას ედავებიან. 14 ოქტომბერს ბაქოს სასამართლომ მეხტიევს ოთხთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა.
- გარდა ამისა, წინასწარი პატიმრობა მიესაჯა "სახალხო ფრონიტს" პრეზიდიუმის წევრს, მამედ იბრაჰიმს.
- ქარიმლი მეხტიევთან კავშირს უარყოფს და ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
წინარე ისტორია: ქარიმლი 1992 წლიდან "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის" წევრია.
- 1993 წელს, "სახალხო ფრონტის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იკავებდა სახელმწიფო მდივნის თანამდებობას.
- ჰეიდან ალიევის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არის ოპოზიციაში.
- 2000 წლიდან დღემდე არის "სახალხო ფრონტის" თავმჯდომარე.
დიდი სურათი: აზერბაიჯანელი უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ქარიმლის დაკავება რეპრესიების ახალი ტალღის ნაწილია და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
- 2025 წლის ოქტომბრისთვის, აზერბაიჯანში 392 ადამიანია დაკავებული, რომელთაც დამოუკიდებელი უფლებადამცველები პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.
- გარდა ამისა, ილჰამ ალიევის ხელისუფლების მაკრიტიკებელი ათობით ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკოსი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.