ბეირუთში „ჰეზბოლას“ მიტინგზე სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

 

14 ოქტომბერს „ჰეზბოლას“ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე სროლას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათეულობით კი მძიმედ დაშავდა.

დემონსტრაციის მონაწილეები ლიბანელი მოსამართლის გადაყენებას ითხოვნდნენ, რომელიც 2020 წელს ბეირუთის პორტში აფეთქების საქმეს განიხილავს. მას თანამდებობრივ გულგრილობაში ეჭვმიტანილი ლიბანელი პოლიტიკოსების მფარველობაში ადანაშაულებენ.

2020 წელს ბეირუთის პორტში დასაწყობებული ამონიუმის ნიტრატის აფეთქებას 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქებას ლიბანელ მაღალჩინოსანთა არაკომპეტენტურობას მიაწერენ.

გასამხედროებულმა პოლიტიკურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ და მისმა შიიტმა მოკავშირე „ამალის“ (Amal) პარტიამ პროტესტის მონაწილეებზე თავდასხმაში „ლიბანელ ქრისტიანთა ძალების“ წევრებს დასდეს ბრალი.

„ლიბანური ძალების აქტივისტები სახურავებზე იყვნენ ჩასაფრებული და დამიზნებით გვესროდნენო“, - წერია „ჰეზბოლას“ განცხადებაში.

„ლიბანური ძალები“, რომელიც მარონიტი ქრისტიანებითაა დაკომპლექტებული, ბრალდებას უარყოფს. ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა მომხდარი „მტკივნეულ და მიუღებელ აქტად“ შეაფასა.

ლიბანის მთავრობამ 15 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

თავდამსხმელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ავტომატური იარაღი და ყუმბარები გამოიყენეს, რამაც ბევრს ლიბანის ისტორიაში ტრაგიკული ფურცელი - სამოქალაქო ომი გაახსენა, რომელიც 1975-90 წლებში მიმდინარეობდა.

ლიბანი ბოლო რამდენიმე წელია მწვავე პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება. 

მსგავსი სიახლეები