ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს 18 წელი მიუსაჯეს

 

14 დეკემბერს ბელარუსის ქალაქ ჰომელის სასამართლომ 173 დღიანი პროცესის შემდეგ ოპოზიციონერ პოლიტიკოს სერგეი ციხანოვსკის 18 წელი მიუსაჯა.

პოპულარული ვიდეო-ბლოგერი ბელარუსის რეჟიმის სასამართლომ დამნაშავედ ცნო „მასობრივი არეულობის ორგანიზებაში და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლაში.“

„დიქტატორი [ლუკაშენკა] მის მთავარ ოპონენტებზე შურს იძიებს. მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს, ჩვენ არ გავჩერდებით“, - განაცხადა ბელარუსმა პოლიტიკოსმა სვეტლანა ციხანოვსკაიამ მისი ქმრის შესახებ განაჩენის გამოტანის შემდეგ.

„სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული ვერდიქტი კიდევ ერთი დასტურია, რომ რეჟიმი ბელარუსების უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს არაფრად აგდებს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბეარბოკმა კი სასამართლოს გადაწყვეტილებას „სკანდალური“ უწოდა და ციხანოვსკის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაჩენი ბელარუსში პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ „სასტიკი და სისტემური რეპრესიის ნაწილად“ მოიხსენია.

ციხანოვსკისთან ერთად სასამართლომ პატიმრობა ხუთ სხვა ოპოზიციონერს მიუსაჯა, მათ შორის ვეტერან პოლიტიკოს მიკოლა სტატკევიჩს.

სტატკევიჩი ლუკაშენკას 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდა, თუმცა მალე ციხეში ამოყო თავი.

სტატკევიჩს და ციხანოვსკის 2020 წლის მაისის არჩევნებში - რომელშიც ლუკაშენკად თავი გამარჯვებულად გამოაცხადა - მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

 

ვინ არის სერგეი ციხანოვსკი? - ბლოგერიდან პოლიტპატიმრამდე

ციხანოვსკი ბელარუსის პოლიტიკურ სცენაზე 2020 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა. 43 წლის მუსიკოსი ცნობილი Youtube არხით - „ქვეყანა საცხოვრებლად“ - გახდა, რომელშიც ბელარუსის ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

პოპულარული ბლოგერი ბელარუსში მოგზაურობდა და ადგილობრივებთან ინტერვიუებს წერდა. ცოტა ხანში ციხანოვსკის აუდიტორიამ რამდენიმე ასეულ ათასს მიაღწია.

ციხანოვსკის ეკუთვნის სლოგანი „შეაჩერე ტარაკანი“, რომელიც ლუკაშენკას მოწინააღმდეგეებს შორის პოპულარობით სარგებლობდა.

ონლაინ-აქტივიზმის შემდეგ ციხანოვსკიმ 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შესახებ განაცხადა.

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ციხანოვსკის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა. რეგისტრაციის დროს, ციხანოვსკი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 2019 წლის დეკემბერში „რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის“.

სანაცვლოდ, არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატად ციხანოვსკის ცოლი, ინგლისური ენის მასწავლებელი სვეტლანა ციხანოუსკაია დარეგისტრირდა.

თავდაპირველად ციხანოვსკაია მხოლოდ ნომინალურ კანდიდატად განიხილებოდა, რომლის მიზანს ბელარუსებისთვის არჩევნების ბოიკოტისკენ მოწოდება წარმოადგენდა.

თუმცა, მასშტაბური სახალხო დემონსტრაციების შედეგად, რომლებიც გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა, ციხანოვსკაია ბელარუსის დამოუკიდებელი ოპოზიციის ლიდერად იქცა.

ლუკაშენკას მიერ დაწყებული მასობრივი რეპრესიების შემდეგ ციხანოვსკაიას ქვეყნიდან ემიგრაცია მოუწია, საიდანაც ციხეში მყოფი მეუღლის უფლებების დახმარებას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები