ბელარუსში რუსმა სამხედროებმა პოლიგონებზე განლაგება დაიწყეს
ბელარუსში რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნების, საკავშირო სიმტკიცის საწყისი, საბრძოლო განლაგების ეტაპი დაიწყო. როგორც ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, სამხედროები გაივლიან წვრთნებს, რომელიც უკანანო სამხედრო შენაერთებთან ბრძოლას გულისხმობს.
ეს დაგეგმილი მასშტაბური სწავლებების მხოლოდ პირველი ეტაპია, რომელიც 10 თებერვლამდე უნდა დასრულდეს. რაც შეეხება სამხედრო წვრთნების ძირითად ეტაპს, ის 10-დან 20 თებერვლამდე პერიოდში ჩატარდება.
დაგეგმილი სწავლებების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 17 იანვარს გავრცელდა. ლუკაშენკოს თქმით, წვრთნების აუცილებლობისა და მისი ჩატარების პირობების შესახებ ის უკვე დეკემბერში შეუთანხმდა ვლადიმირ პუტინს.
ბელარუსის დიქტატორი ამბობს, რომ ამ სწავლებებზე წარმოსახვითი მოწინააღმდეგეები ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და უკრაინაა.
ბოლო დღეების განმავლობაში ბელარუსში დაჩქარებული წესით შედიან რუსული სამხედრო ეშელონები, მათ შორის ცნობილი გახდა, რომ ბელარუსშია გადატანილია ვლადივასტოკში ბაზირებული სარაკეტო კომლექს C 400-ის 2 დივიზიონი.
არსებული ინფორმაციით სწავლებების ფარგლებში ბელარუსში სულ 30 ათასი რუსი სამხედრო განთავსდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბელარუსში გადაყვანილი იქნება შემტევი დანაყოფები. ამავე წყაროების ცნობით, უკვე თებერვალში, ბელარუსში რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ჩავა.