ბელგოროდის შემდეგ კურსკი - მოსაზღვრე რაიონებში უკრაინის შეტევას ელოდებიან
გასულ დღეებში ბელგოროდზე განხორციელებული შეტევის შემდეგ, დღეს მთელი დღის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა უკრაინასთან მოსაზღვრე კურსკის ოლქშიც.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სროლები უკრაინის ტერიტორიის მხრიდან დილიდან დაიწყო. ხაზგასასმელია, რომ უკრაინის ტერიტორიიდან განხორციელებული შეტევის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება 12 საათის განმავლობაში ინფორმაციას მალავდა.
ადგილობრივი ჩინოვნიკების დუმილი გუბერნატორმა რომან სტარავოიტმა სპეციალურ ვიდეო-მიმართვაში დაარღვია.
"იყო სასაზღვრო პუნქტის დაცხრილვის მცდელობა, მაგრამ საბედნიეროდ ჭურვებმა რუსეთის ტერიტორიამდე ვერ მოაღწია. შემთხვევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. უკრაინელი ბოევიკების ჯგუფები ჩვენ მალევე გამოვავლინეთ და გავანადგურეთ",- თქვა სტარავოიტმა.
პირველ აპრილს ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა კურსკის ოლქიდან ევაკუაციის გეგმა, რომელიც მათი ცნობით საგანგებო სიტუაციების ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევაკუაციის გეგმა უკრაინის ტერიტორიიდან სისტემური იერიშების მზარდი რისკის გამო მზადდება. დოკუმენტში ასევე საუბარია შეტევის შედეგად განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე და მსხვერპლზე და ნათქვამია, რომ ბელგოროდზე შეტევები ომის დაწყების დღიდან მიმდინარეობს.
პირველ აპრილს ბელგოროდის ტერიტორიაზე ომის დაწყების დღიდან ყველაზე მსხვილი შეტევა განხორციელდა. ამ დღეს დაბომბილი ნავთობაზის რაიონში მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. იმავე დღეებში ცნობილი გახდა ფეიერვერკების აკრძალვის შესახებ, რადგანაც მისი ხმები ადგილობრივებს ნამდვილი აფეთქებების ხმები ეგონათ.
კურსკის გუბერნატორის მიმართვის პარალელურად გავრცელდა ცნობები, რომ ბელგოროდის ოლქის ყველა სკოლის ევაკუაციის შესახებ, ამის მიზეზად კი თითქოსდა შენობების დანაღმვის შესახებ მიღებული ინფორმაცია დასახელდა.