ბელორუსში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დიმიტრიევი დააკავეს
2020 წლის ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების ყოფილი კანდიდატი, ანდრეი დმიტრიევი დააკავეს. ამ ინფორმაციას 12 იანვარს გამოცემა "Зеркало" და უფლებადამცველი ცენტრი "Весна" ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოლიტიკოსი მინსკის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მისი დაკავების მიზეზი უცნობია.
ანდრეი დმიტრიევი საზოგადოებრივი მოძრაობა "თქვი სიმართლეს" ყოფილი თანათავმჯდომარეა. ორგანიზაციის პირველი ლიდერი ბელორუსი პოეტი ვლადიმერ ნეკლიაევი იყო, რომელიც 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე "თქვი სიმართლეს" კანდიდატი ტატიანა კარატკევიჩი გახდა. ის მეორე ადგილზე გავიდა 4.44%-ით.
2020 წლის არჩევნებზე თავად ანდრეი დმიტრიევი იყო ბელორუსის ამჟამინდელი მმართველის, ალექსანდრ ლუკაშენკას რეგისტრირებული ოპონენტებიდან ერთ-ერთი. ქვეყნის ცესკო-ს მონაცემებით, მან ხმების 1.21% მიიღო. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკოსმა სერგეი ტიხანოვსკის, ვიქტარ ბაბარიკასა და ვალერი ცეპკალას მხარი დაუჭირა, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
ასოციაცია "თქვი სიმართლეს" ლიკვიდირება ბელორუსის უზენაესი სასამართლოს მიერ 2021 წლის ოქტომბერში მოხდა. თავად დმიტრიევმა ადრე განაცხადა, რომ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, ორგანიზაციის წარმომადგენლები გააგრძელებენ საქმიანობას. დიმიტრიევი უშიშროების ძალებმა არაერთხელ დააკავეს, ბოლოს 2022 წლის აგვისტოში, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს.
საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ ხმების 80.10%-ით გაიმარჯვა, მეორე ადგილზე სვეტლანა ტიხანოვსკაია გავიდა 10.12%-ით.
ოფიციალური შედეგების გამოცხადებისთანავე ქვეყანაში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა. მოქალაქეების მშვიდობიანი დემონსტრაციები, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ შედეგების გაყალბებაში, სასტიკად ჩაახშეს ძალის გამოყენებით. ოპოზიციის ბევრი ლიდერი ან დააკავეს ან ემიგრაციაში წავიდნენ.