ბენ უოლესი წავიდა - რა ბედი ელის ბრიტანეთის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით?

ბრიტანეთის სამთავრობო კაბინეტში ცვლილებებია - თანამდებობა დატოვა თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა და დღესვე გახდა ცნობილი, რომ მას გრანტ შაპსი ჩაანაცვლებს.

ბენ უოლესმა ჯერ კიდევ ივლისში გამოაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა - მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტის მომდევნო გადახალისებისას თავდაცვის სამინისტროს დატოვებდა, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში კი მანდატის ხელახლა მოსაპოვებლად აღარ იბრძოლებდა.

ბენ უოლესი თავდაცვის სამინისტროს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა.

გრანტ შაპსი გამოცდილი კონსერვატორი პოლიტიკოსია. 2010 წლიდან მოყოლებული, ის მუდამ იკავებდა ბრიტანეთის მთავრობაში სხვადასხვა პოსტს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი უკვე მეხუთე თანამდებობაზეა.

თავდაცვის მდივნად დანიშვნამდე, გრანტ შაპსი ენერგეტიკის სამინისტროს უძღვებოდა, რა დროსაც მას უკვე მოუწია შეხება ახალი თანამდებობის მთავარ გამოწვევასთან - უკრაინაში მიმდინარე ომთან.

გრანტ შაპსი სულ ახლახანს თავად იყო ჩასული უკრაინაში, სადაც მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდა, მოინახულა რუსების მიერ დაზიანებული ენერგოინფრასტრუქტურა და პატივი მიაგო ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას.

ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავდაცვის მინისტრის ცვლილებით ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ შეიცვლება.

უკრაინასთან დაკავშირებით მთავრობას მხარდაჭერას აღუთქვამს ბრიტანეთის ოპოზიციაც. ლეიბორისტული პარტიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბენ უოლესმა „მნიშვნელოვანი ლიდერობა გამოავლინა უკრაინის თავიდანვე მხარდაჭერაში“.

„ლეიბორისტული პარტია კვლავაც მთავრობის მხარდამხარ იდგება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, სანამ რუსეთი ომში არ დამარცხდება“.

მსგავსი სიახლეები