ბერბოკი: გერმანია წლის ბოლომდე მთლიანად შეწყვეტს რუსული ნავთობის იმპორტს
გერმანია ზაფხულამდე გაანახევრებს ნავთობის იმპორტს რუსეთიდან და 2022 წლის ბოლომდე მთლიანად შეწყვეტს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა 20 აპრილს, რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბერბოკმა თქვა, რომ ის "მკაფიოდ და ცალსახად" აცხადებს, რომ გერმანია "სრულად აჩერებს რუსული ენერგომატარებლების იმპორტს".
"ზაფხულისთვის ნავთობის იმპორტს გავანახევრებთ და წლის ბოლომდე ნულამდე შევამცირებთ, რასაც მოჰყვება გაზი, როგორც ერთობლივი ევროპული საგზაო რუკის ნაწილი, რადგან ჩვენი საერთო უარი [რუსულ გაზზე], ევროკავშირის სრული უარი არის ჩვენი ერთობლივი ძალა", - აღნიშნა მან.
8 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შემოიღო. ეს მოიცავს ემბარგოს რუსული ქვანახშირისა და სხვა სახის მყარი წიაღისეულის მიწოდებაზე, მაგრამ არა გაზსა და ნავთობზე.