ბერბოკი: გერმანია უკრაინას ზამთრისთვის €50 მილიონის დახმარებას გადასცემს
გერმანიის მთავრობა ზამთრის პერიოდში უკრაინას კიდევ 50 მილიონი ევროს დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ 13 დეკემბერს, პარიზში, საერთაშორისო კონფერენციაზე "სოლიდარობა უკრაინელ ხალხს", გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
"პუტინს სურს გატეხოს უკრაინელები თავისი გაყინვის ტაქტიკით. ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - თქვა მან. "პუტინის ბომბები ნიშნავს, რომ ექიმებმა ბავშვებს მობილური ტელეფონების შუქზე უნდა გაუკეთონ გულის ოპერაცია. ბავშვები საშინაო დავალებას ქუდებით, შარფებითა და ქურთუკებით წერენ სანთლის შუქზე".
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის დახმარებისთვის გამოყოფილი ეს თანხა გენერატორებსა და ტრანსფორმატორებზე დაიხარჯება.
ბერბოკმა აღნიშნა, რომ "მარტო ფინანსური დახმარება არ იცავს ადამიანებს გაყინვისა და წყურვილით სიკვდილისგან, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარება".