ბერბოკი: რუსეთი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს "არა მხოლოდ სურს გაანადგუროს მშვიდობიანი ევროპული მსოფლიო წესრიგი," ის ასევე ცდილობს გავლენა მოახდინოს ევროპის ქვეყნებში არჩევნების შედეგებზე.
ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა პარასკევს, 18 ოქტომბერს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების და ასევე ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის კონსტიტუციაში შეტანის საკითხზე რეფერენდუმის წინ გააკეთა.
"პუტინის რუსეთი ახორციელებს ჰიბრიდულ თავდასხმებს ევროპის არჩევნებზე კიბერთავდასხმების და დეზინფორმაციის საშუალებით, რომელსაც მისი სოციალური მედიის ბოტების არმიით მართავს," - თქვა ბერბოკმა ბერლინში გამოსვლისას.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოლდოვა ებრძვის ასეთ საფრთხეებს, მათ შორის პარტნიორობის პლატფორმის (მოლდოვის რესპუბლიკის მხარდაჭერის პლატფორმა - რედ.) დახმარებით, რომელიც გერმანიის მთავრობამ და მისმა პარტნიორებმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან 40 დღის შემდეგ აამოქმედეს.
20 ოქტომბერს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებზე სახელმწიფოს მოქმედი მეთაური მაია სანდუ, რომელიც ცნობილია თავისი პროევროპული პოლიტიკით, მეორე ვადით არჩევისთვის იბრძვის. იგი აპირებს ქვეყნის კონსტიტუციაში შეიტანოს ჩანაწერი, რომ მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.
შედეგად, ბევრი დამკვირვებელი თვლის, რომ არჩევნებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რომელიც როგორც უკრაინას, ასევე ევროკავშირის წევრ რუმინეთს ესაზღვრება.