ბერბოკი: "ვალის მუხრუჭის" მიუხედავად, გერმანიამ უსაფრთხოების ბიუჯეტი უნდა გაზარდოს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ბერლინმა, 2025 წლის ბიუჯეტზე რთული მოლაპარაკებების ფონზე, უნდა გააგრძელოს უსაფრთხოებაში ინვესტირება.
ამის შესახებ DPA წერს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიამ უნდა შეასრულოს წამყვანი როლი ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხეებთან ბრძოლაში, თუნდაც ეს ნიშნავდეს ვალის გაზრდას.
ამავდროულად, ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი კოალიციური მთავრობისგან მკაცრი წესების დაცვას ითხოვს ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით, რომელიც ცნობილია, როგორც "ვალების მუხრუჭი."
"საბედისწერო იქნებოდა რამდენიმე წელიწადში გვეთქვა: ჩვენ დავიცავით ვალის მუხრუჭი, მაგრამ დავკარგეთ მშვიდობიანი წესრიგი ევროპაში," - აღნიშნა ბერბოკმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ უსაფრთხოება არის საკითხი, რომელსაც "ჩვენი შვილები რამდენიმე წელიწადში მოგვთხოვენ."
მან ასევე მოითხოვა ევროპული სამშვიდობო წესრიგის დაცვა და უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდა.
ბერლინში, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ კონფერენციაზე გამოსვლისას, მან ისაუბრა იმ მიდგომის წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც უკრაინის დახმარება საქველმოქმედო ჟესტად ითვლება.
გერმანიის მთავრობა გეგმავს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე შეთანხმებას მომავალ კვირას მიაღწიოს, რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე დისკუსიების შემდეგ.
მანამდე ბერბოკმა გერმანიის სამთავრობო კოალიციის დაშლის საფრთხეზე ისაუბრა, მხარეებს შორის ბიუჯეტთან დაკავშირებული დავის ფონზე.