ბიბი ბოდიშს იხდის პოსტის გამო, სადაც პასუხისმგებლობა სპეცსამსახურებს დააკისრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრა ბოდიში მოიხადა პოსტის გამო, რომელშიც 7 ოქტომბრის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას ქვეყნის ძალოვან უწყებებს აკისრებდა.

უკვე წაშლილ პოსტში ბიბი ნეთანიაჰუ წერდა, რომ ჰამასის თავდასხმამდე მისთვის არ წარუდგენიათ არანაირი ინფორმაცია შესაძლო შეტევის შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრი თავის პოსტში მომხდარზე პასუხისმგებლობას ისრაელის არმიის გენშტაბის უფროსს და უსაფრთხოების სამსახურის, შინ-ბეთის დირექტორს აკისრებდა. ნეთანიაჰუ წერდა, რომ შინ-ბეთისა და ცახალის ხელმძღვანელობაში მიაჩნდათ, რომ მათ შეძლეს ჰამასის ეფექტურად შეკავება. 

ისრაელის პრემიერის პოსტმა პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების ფართო მასების უკმაყოფილება გამოიწვია - ნეთანიაჰუ საზოგადოების გახლეჩის მცდელობაში დაადანაშაულეს. 

"არ ვიყავი მართალი, არ უნდა მეთქვა რაც ვთქვი, ბოდიშს ვიხდი ამის გამო. სრულად ვუჭერ მხარს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს",- წერს ნეთანიაჰუ ახალ პოსტში. 

ცოტა ხნით ადრე, ნეთანიაჰუს გამონათქვამებზე კომენტარისგან თავი შეიკავა ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დანიელ ჰაგარიმ.

კონტექსტი 

ადგილობრივი პრესის ცნობით, ჰამასის თავდასხმის შემდეგ ნეთანიაჰუს ოფისი აქტიურად ცდილობს მომხდარ ტრაგედიაზე პრემიერს პასუხისმგებლობა აარიდოს. Haaretz-ის ცნობით, ბიბის ოფისი ეძებს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისა და მაღალჩინოსნების განცხადებების განცხადებებს და შეფასებებს, რომელიც ჰამასის თავდასხმას უძღოდა წინ. 

ისრაელში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, მოსახლეობის უმეტესობა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სწორედ ბიბი ნეთანიაჰუს აკისრებს. ბოლო მონაცემებით, პრემიერის მხარდაჭერის რეიტინგი 20%-მდე შემცირდა. 

მკვეთრად გაიზარდა ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ბენი განცის მხარდაჭერის რეიტინგი - ბოლო კვლევის მიხედვით ისრაელელთა უმეტესობას პრემიერის პოსტზე სწორედ განცის ხილვა სურთ. 

თავის მხრივ ბენი განცი ისრაელის გენშტაბის ყოფილი უფროსი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამხედროა - განცი, ასევე, შეუერთდა ნეთანიაჰუს მიერ ინიცირებულ საგანგებო მთავრობას. 

 

მსგავსი სიახლეები