ბინ სალმანი: საუდის არაბეთი აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ოთხშაბათს პრეზიდენტ ტრამპს უთხრა, რომ სამეფო აპირებს გაზარდოს ინვესტიციები და ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან მინიმუმ 600 მილიარდი დოლარით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ამის შესახებ The New York Times წერს.
საუდის არაბეთის დე ფაქტო ლიდერმა ტრამპს უთხრა, რომ მის ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა შექმნას "უპრეცედენტო ეკონომიკური კეთილდღეობა" შეერთებულ შტატებში და სამეფოს ამაში მონაწილეობის მიღება სურს.
თეთრმა სახლმა საინფორმაციო გამოშვებაში განაცხადა, რომ ეს იყო ტრამპის პირველი სატელეფონო საუბარი უცხოელ ლიდერთან და თქვა, რომ მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთი, ასევე სამეფოს "საერთაშორისო ეკონომიკური ამბიციები" და ორ ქვეყანაში "კეთილდღეობის გაზრდისთვის" გზები.
ტრამპმა პირობა დადო, რომ დააჩქარებს ინვესტიციების შემოდინებას შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით, ხელს შეუწყობს წარმოების აღორძინებას. გასულ წელს, კამპანიის დროს მან თქვა, რომ გამოიყენებს გადასახადების შემცირებისა და ტარიფების კომბინაციას, რათა კომპანიები აიძულოს აშშ-ში ინვესტირება დაიწყონ.
2017 წელს, ტრამპის პირველი საგარეო ვიზიტი საუდის არაბეთში შედგა, რაც კარგად აჩვენებს რა მნიშვნელობას ანიჭებს ის მუჰამედ ბინ სალმანთან ურთიერთობას.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი აქტიურ ბიზნესურთიერთობაში იმყოფებიან საუდის არაბეთთან.
ტრამპის ორგანიზაციამ დეკემბერში საუდის არაბეთში რამდენიმე პროექტი გამოაცხადა, წარადგინა 533 მილიონი დოლარის ღირებულების Trump Tower ქალაქ ჯედაში კომპანია Dar Global-თან ერთად, რომელიც საუდის არაბეთის Dar Al Arkan-ის უძრავი ქონების კომპანიის ნაწილია. Dar Al Arkan და მისი შვილობილი Dar Global არის კერძო კომპანიები, მაგრამ მათ მჭიდრო კავშირები აქვთ საუდის არაბეთის მთავრობასთან.
გარდა ამისა, 2021 წელს, ტრამპის მიერ თეთრი სახლის დატოვებიდან ექვსი თვის შემდეგ, ჯარედ კუშნერმა, ტრამპის სიძემ, 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მიიღო საუდის არაბეთის მთავრობის ფონდიდან მისი კერძო საინვესტიციო კომპანიისთვის.