ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში პროგრესია

აშშ-მ, ირანმა და რუსეთმა პოზიტიურად შეაფასეს სამშაბათს, ვენაში შემდგარი მოლაპარაკებების პირველი დღე, რომლის მიზანიც ბირთვული შეთანხმების აღდგენააა.

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მზად არის გადახედოს მისი წინამორბედის გადაწყვეტილებას ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებაზე. თუმცა, მოლაპარაკებებში შემდგომ პროგრესს ხელს უშლის ირანის მოთხოვნა აშშ-მ მოხსნას ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები.

ირანმა მოლაპარაკებების საწყისი ეტაპი “კონსტრუქციულად” შეაფასა.

“შემიძლია ვთქვა, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო,” - განაცხადა ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა აბას არაგჩიმ.

მოლაპარაკებებში, როგორც შუამავალი, ჩართულია ევროკავშირიც.

რუსეთის წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებში მიხეილ ულიანოვმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული შეთანხმების მონაწილე ქვეყნების - ირანი, ჩინეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი - შეხვედრა წარმატებული იყო.

“ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელ შეხვედრაში იყო ის, რომ დაიწყო პრაქტიკული მუშაობა ერთობლივი მიზნის მისაღწევად”, - დაწერა ტვიტერზე ულიანოვმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, ”ეს პოტენციურად სასარგებლო ნაბიჯია, რადგან ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, რას აკეთებენ ირანელები 2015 წლის შეთანხმების თანახმად დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შესასრულებლად და შედეგად, რისი გაკეთება იქნება ჩვენგან საჭირო."

მოლაპარაკებებში სწრაფი პროგრესი მნიშვნელოვანია ირანის მოქმედი ხელისუფლებისთვის. წელს ქვეყანაში არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელზეც შეთანხმებისადმი სკეპტიკურად განწყობილი კონსერვატორების გამარჯვების შანსი დიდია. 

მას შემდეგ, რაც ტრამპმა აშშ ბირთვული შეთანხმებიდან გამოიყვანა, ირანმა თავისი ბირთვული აქტივობები, მათ შორის, ურანის გამდიდრება შეთანხმებულ ლიმიტებზე მეტად გაზარდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტებზე ინსპექტორებს შესვლა აუკრძალა.

2015 წლის ბირთვული შეთანხმების გაგრძელებაზე მოლაპარაკებები ოთხშაბათს, ვენაში გაგრძელდება.

 

 

მსგავსი სიახლეები