აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა
7 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩავიდა.
სახელმწიფო მდივანი აფრიკულ ტურნეს კონგოში და რუანდაში გააგრძელებს.
ბლინკენის ვიზიტი რეგიონში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლას მოჰყვა, რომელიც უკრაინის ომის ფონზე აფრიკაში რუსეთის პოზიციების განმტკიცებას ცდილობს.
აფრიკის მრავალი ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომში ანტი-რუსული პოზიციის დაჭერისგან თავს იკავებს.
სამხრეთ აფრიკამ, აფრიკის 16 სხვა ქვეყანასთან ერთად, უკრაინაში რუსეთის ომის დამგმობი რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.
აშშ-ს და რუსეთის გარდა აფრიკის კონტინენტზე საფრანგეთის ლიდერიც ჩავიდა. ემანუელ მაკრონი კამერუნს, ბენინს და გვინეა-ბისაუს ეწვია.
აფრიკის ქვეყნებში დამოუკიდებელ ვიზიტებს ჩაატარებენ აშშ-ს ელჩი გაეროში და USAID-ის ხელმძღვანელიც.
„აფრიკაში ვითარება ცივი ომის პერიოდს გავს“, - აცხადებს ორგანიზაცია Democracy Works-ს ხელმძღვანელი უილიამ გუმედი სააგენტო AP-სთან.
2022 წლის აპრილში კონგრესმა აფრიკაში რუსეთის მავნებელი აქტივობებისთვის წინააღმდეგობის გაწევის აქტი დაამტკიცა, რაც კონტინენტზე მოსკოვის გავლენის შეკავებას გულისხმობს.