ბლინკენი: ბრაზილიას შეუძლია რუსეთი "მარცვლეულის შეთანხმებაში" დააბრუნოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თვლის, რომ ბრაზილიასა და მის პრეზიდენტს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ რუსეთზე, რათა ის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას დაუბრუნდეს.

ეს განცხადება ბლინკენმა GloboNews-თან ინტერვიუში გააკეთა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ბრაზილიის ნეიტრალური პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, მის პრეზიდენტს, ლულა და სილვას, კარგ მდგომარეობაში აყენებს მოლაპარაკებებში შუამავლობისთვის, ბლინკენმა უპასუხა: "დიახ."

"ვფიქრობ, ბრაზილიის ხმა, პრეზიდენტი ლულას ხმა კრიტიკულია. და ამ ხმის გამოყენება რუსების დასარწმუნებლად, რომ დაუბრუნდნენ შეთანხმებას, ძალიან, ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იქნება," - თქვა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ეს შეთანხმება არასდროს იქნებოდა საჭირო," მაგრამ "ეს მხოლოდ იმიტომ გახდა საჭირო, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა, შემდეგ კი, ამით მისი პორტები დაბლოკა, რითაც ხელი შეუშალა მარცვლეულის ექსპორტს."

"როდესაც ეს შეთანხმება სრულდებოდა, სანამ რუსეთი მისგან რამდენიმე კვირის წინ გამოვიდოდა, უკრაინიდან 35 მილიონი ტონა მარცვლეული გაიტანეს... 18 მილიარდი პურის ექვივალენტი: ეს არის ის, რაც რუსეთმა ჩაშალა... მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ ეს ნაბიჯი გადადგა და შეთანხმებიდან გამოვიდა, ფასები ყველასთვის 10-15%-ით გაიზარდა." - განაცხადა ბლინკენმა.

მსგავსი სიახლეები