Bloomberg: EU და აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ
ევროკავშირი და აშშ რუსეთის მიმართ სანქციების ახალ პაკეტს შეიმუშავებს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო.
ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, ახალი სანქციები რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
ევროკავშირი აპირებს წლის ბოლომდე შეზღუდვები დაამტკიცოს და მიიღოს 2025 წლის 24 თებერვალს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის წლისთავზე.
გამოცემის მიხედვით, პაკეტი ასევე ითვალისწინებს ჯარიმებს რუსული ნავთობით ვაჭრობასთან დაკავშირებული პირების მიმართ. გარდა ამისა, ბრიუსელს სურს, დამატებით გაზარდოს გადასახადები რუსულ სასოფლო-სამეურნეო საქონელზე, საკვებსა და სასუქებზე, ნათქვამია გამოცემაში.
მანამდე Bloomberg-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები ასევე მუშაობს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე. ვაშინგტონს სურს, ახალი პაკეტის დამტკიცება მოასწროს, სანამ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში მოვა.
ივნისში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი მიიღო. შეზღუდვები სხვათა შორის შეეხო რუსული გათხევადებული ბუნებრივი გაზის ევროკავშირში გადაზიდვას და რუსეთიდან ნავთობის ტრანსპორტირებას.