Bloomberg: ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დადებას წლის ბოლომდე აპირებს
ევროპული კავშირი რუსული ნავთობის იმპორტის სრულად აკრძალვას 2022 წლის ბოლომდე აპირებს, წერს სააგენტო Bloomberg-ი ბრიუსელში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, მანამდე ევროკავშირი ნაწილობრივი შეზღუდვების შემოღებას აპირებს.
ამასთან, ბრიუსელში გადახდების საერთაშორისო სისტემა SWIFT-დან უფრო მეტი რუსული და ბელარუსული ბანკის გათიშვას აპირებენ - მათ შორის სბერბანკის.
რუსეთის უმსხვილეს სახელმწიფო ბანკს საქნციები უკვე დაუწესეს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა.
სანქციების ახალ, მეექვსე პაკეტზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის ქვეყნები შემდეგ კვირაში მიიღებენ.
შეზღუდვების ამოქმედებას ბლოკის ყველა, ოცდაშვიდი წევრის თანხმობა სჭირდება.
უნგრეთი აცხადებს, რომ რუსულ ნავთობის შემოტანის აკრძალვას ეწინააღმდეგება.
Bloomberg-ის ინფორმაციით, სრულად სანქცირებას ბერლინშიც ეწინააღმდეგებიან, თუმცა გერმანია ეტაპობრივი აკრძალვის შემოღების მომხრედ რჩება.
ევროკავშირი რუსეთიდან მოხმარებული ნავთობის მეოთხედს იღებს და რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილეს საექსპორტო ბაზრად ითვლება.
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთიდან 44 მილიარდი ევროს ღირებულების ენერგტიკული წიაღისეული შეიძინა.