Bloomberg: ინდოეთის პრემიერი ზელენსკის პუტინის შეტყობინებას გადასცემს
23 აგვისტოს კიევში გასამართ შეხვედრაზე ინდოეთის პრემიერი, ნარენდრა მოდი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმირ პუტინის შეტყობინებას გადასცემს.
ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საყურადღებოა, რომ მოდის ვიზიტს უკრაინაში წინ უძღოდა ინდოეთის პრემიერის 2-დღიანი სახელმწიფო ვიზიტი რუსეთში, რომელიც ივლისში გაიმართა. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ შეხვედრის ფარგლებში მიღებულ შეტყობინებაზეა საუბარი.
ამასთანავე, წყაროების ცნობით, მოდი გამორიცხავს შუამავლის როლის შესრულებას რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო პროცესის ხელშესაწყობად.
მოდის ამგვარი განწყობა გამოცემის წყაროების ცნობით, განპირობებულია ინდოეთის დამოკიდებულებით იაფ რუსულ ნავთობსა და შეიარაღებაზე.
Bloomberg-ის ცნობით, მოდის ვიზიტი კიევში უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე სულ რამდენიმე საათი გაგრძელდება. წყაროები მიუთითებენ, რომ ინდოეთი უკრაინისთვის საკვანძო როლს თამაშობს ე.წ. სამშვიდობო ფორმულის დაწინაურების საკითხში ე.წ. გლობალურ სამხრეთის სახელმწიფოებს შორის.
ინდოეთი მონაწილეობდა უკრაინის მიერ ორგანიზებულ პირველ სამშვიდობო სამიტზე, თუმცა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა მიღებულ რეზოლუციას.
უკრაინული წყაროების ცნობით, მოდისა და ზელენსკის შეხვედრისგან ახალი და მნიშვნელოვანი შეთანხმებები ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე პროექტზე თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში.
უკრაინამდე მოდი პოლონეთს ეწვევა - ეს უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ინდოეთის ლიდერის პირველი ვიზიტია პოლონეთში.