ბორელი: ევროკავშირი ჩინეთთან პოლიტიკის შეცვლაზე შეთანხმდა
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პარასკევს გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ ჩინეთთან განახლებულ სტრატეგიაზე, რომელიც მას კონკურენტად აღიარებს, მაგრამ ასევე ორმხრივი ინტერესის საკითხებზე დიალოგისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჟოზეპ ბორელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია, რომელიც ასახავდა ჩვენს კონსენსუსს ჩინეთთან დაკავშირებით და მოხარული ვარ განვაცხადო, რომ კოლეგები მიესალმნენ ჩვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს", - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, დოკუმენტი "ასახავს რეალობას" პეკინსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებში.
"ჩინეთი არის ოპონენტი, პარტნიორი და კონკურენტი. ჩვენ კონკურენცია უნდა გავუწიოთ ჩინეთს და შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება, როდესაც ეს [დამოკიდებულება - რედ.] ძალიან დიდი გახდება და რისკებს შეიცავს", - განმარტა მან.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის ტექსტი კიდევ დამუშავდება.
მედიის ცნობით, დოკუმენტის პროექტში ევროკავშირი 27 წევრ ქვეყანას მოუწოდებს, ისარგებლონ "შესაძლებლობის ფანჯრით", რათა შეამცირონ ჩინეთის მზარდი გავლენა ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ბრიუსელსა და პეკინს შორის კომუნიკაცია შეამცირებს რისკებს და ჩინეთზე გადაჭარბებულ დამოკიდებულებას, რაც უზრუნველყოფს "ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პროგნოზირებადობასა და გამჭვირვალობას."