ბორელი: ევროკავშირი შიშობს, რომ რუსეთმა ომში შესაძლოა ნატოს წევრი ჩაითრიოს
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა CNN Turk-ის ეთერში უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიაზე ისაუბრა.
ბორელის თქმით, "ევროკავშირი შიშობს, რომ რუსეთის საომარი მოქმედებები შესაძლოა ნატოს წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოსაც შეეხოს".
"ერთი მხრივ ჩვენ ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ხოლო მეორე მხრივ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ დიდი ომი",- ამბობს ბორელი.
საყურადღებოა, რომ ბორელის ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებას მოჰყვა. ლავროვის მოადგილე ამბობს, რომ რუსეთიმა გააფრთხილა დასავლეთი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის შედეგების შესახებ.
რიაბკოვის თქმით, "უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღების კოლონები რუსეთისთვის ლეგიტიმური სამიზნე იქნება".
გუშინ, 12 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ დაიცავს რუსეთის თავდასხმისგან ნატოს ყველა წევრს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება.