ბორელი: ევროკავშირმა რუსეთის გაყინული რეზერვები უკრაინის აღდგენას უნდა მოახმაროს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვების ომისგან დაზარალებული უკრაინის აღსადგენად გამოყენებას ემხრობა.

ევროკავშირის წამყვანი დიპლომატი აშშ-ს მიერ ავღანეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების ნაწილის კონფისკაციაზე მიუთითებს, რომლებიც ვაშინგტონმა ქაბულში თალიბების მოსვლის შემდეგ გაყინა.

„მსგავსი ნაბიჯი [რუსეთის მიმართებით] სრულიად ლოგიკური იქნება. თუ ავღანური ფულის [გამოყენება] შეიძლება, რატომ არა რუსული ფულის“, - განაცხადა ბორელმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში.

უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში დასავლეთმა რუსეთს მასშტაბური სანქციები დაუწესა.

მოსკოვმა წვდომა დაკარგა საერთაშორისო რეზერვებთან, რომელთა მოცულობა 300 მილიარდ დოლარამდე აღწევს.

მანამდე რუსული აქტივების უკრაინისთვის კომპენსაციის მიზნით გამოყენებას მხარი დაუჭირა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

მსგავსი ინიციატივა გაჟღერდა აშშ-შიც, სადაც კონფისკაციის მუხლი შესაძლოა უკრაინის შესახებ კონგრესის კანონპროექტის ნაწილი გახდეს.

ევროკომისიის შეფასებით, ომისგან დაზარალებული უკრაინის აღდგენის ხარჯები ასობით მილიარდ ევროს შეიძლება გაუტოლდეს.

მსგავსი სიახლეები